ჩვენს შესახებ >>
2004 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების დასახმარებლად შეიმუშავა სრულიად ახალი მექანიზმი, რომლის დასაფინანსებლად ათასწლეულის გამოწვევის ანგარიში შექმნა. პროგრამის განხორციელება და ადმინისტრირება ამ მიზნით ჩამოყალიბებულ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას დაევალა. დაფინანსების მიღების მსურველ ქვეყნებს 16 კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინათ. აქედან სამი მთავარი იყო: სამართლიანი მმართველობა, ეკონომიკური თავისუფლება და ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა.
2004 წლის მაისში საქართველო შესაძლო დაფინანსების მიმღებ 16 ქვეყანას შორის დასახელდა. იმავე წლის სექტემბერში სპეციალურად შექმნილმა სამთავრობო კომიტეტმა პროგრამის განაცხადი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში წარადგინა. განაცხადში გამოკვეთილი იყო საქართველოს მთავრობის ორი პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და საწარმოთა განვითარება.
2004 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ დააარსა ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც დაევალა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა და დაფინანსების შემთხვევაში პროგრამის განხორციელება.
2005 წლის აგვისტოში საქართველომ წარმატებით გაიარა შემდეგი ეტაპი და მოიპოვა 295,3 მილიონი აშშ დოლარის გრანტი ხუთწლიანი პროგრამის განსახორციელებლად.
2005 წლის 12 სექტემბერს საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტს“ , რომელიც იმავე წლის 28 ოქტომბერს იქნა რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ. [12.09.05 პრესრელიზი, ვიდეო]
საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა 2006 წლის 7 აპრილს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილდა შეთანხმებით (კომპაქტით) გათვალისწინებული წინაპირობები [09.04.06 პრესრელიზი].
2008 წლის 20 ნოემბერს, ხელი მოეწერა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წელს გაფორმებული კომპაქტის ცვლილებას. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს მიმდინარე პროგრამის (295,3 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში, დამატებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფას, რის შედეგადაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 395,3 მილიონამდე გაიზრდა [20.11.08 პრესრელიზი].
ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ათასწლეულის პროგრამის მიმდინარეობასა და შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო. რეკომენდაციებისა და რჩევების სახით პროგრამის მუშაობაში მონაწილეობას იღებს საკონსულტაციო კომიტეტი.
ათასწლეულის ფონდი სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მათ შორისაა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, „ბი-პი“ (BP), ევროკომისია, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვ.
საქართველოს ათასწლეულის პროგრამის მთავარი მიზანია სიღარიბის დაძლევა ეკონომიკური განვითარების გზით. პროგრამის ფარგლებში ხუთი პროექტი ხორციელდება: