|
პრესრელიზი: მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოები დაიწყო
21.01.2010
21 იანვარს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაზსაცავის წინა-საპროექტო სამუშაოების საწყისი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მასპინძლობდა ტენდერში გამარჯვებული დანიური კომპანია "Ramboll Oil & Gas"-ი ("რამბოლი"). შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ათასწლეულის ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელობამ და "რამბოლი"-ს კონტრაქტორი კომპანიის - "КBB"-ის მენეჯერებმა, აგრეთვე, ქართველმა, დანიელმა და გერმანელმა ექსპერტებმა.
საწყის შეხვედრაზე კომპანია "რამბოლის" პროექტის დირექტორმა, ნილს რინგემ წარმოადგინა გაზსაცავის დაპროექტებისა და შესწავლის გეგმა და მეთოდოლოგია. ამასთან, დაასახელა საბოლოო შედეგების წარმოდგენის ფორმები და ვადები.
მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოების განხორციელებაზე კონტრაქტი კომპანია ,,Ramboll Oil & Gas "-თან ათასწლეულის ფონდმა 2009 წლის 29 დეკემბერს გააფორმა. დაახლოებით 3,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს, რომლებიც მოიცავს საქართველოში გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო სრულმაშტაბიან ტექნიკურ, გეოლოგიურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი საკითხების კომპლექსურ ანალიზსა და შესწავლას. აღნიშნული სამუშაოები 12 თვეს გასტანს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოების მართვასა და ზედამხედველობას განახორციელებს. ***
საერთო ბიუჯეტით 49,5 მილიონი აშშ დოლარი, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი მიზნად ისახავს ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის იმ დაზიანებული უბნების აღდგენას, რომლებიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია 22 უბნის რეაბილიტაცია (დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. www.mcg.ge). პროექტი, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის დახმარების გაწევას მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტებისა და კვლევების ჩატარებაში.
ათასწლეულის ფონდის შესახებ:ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დააარსა. 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას მოხმარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcg.ge
ათასწლეულის კორპორაციის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია. მისი მთავარი პრინციპია, დახმარება აღმოუჩუნოს იმ ქვეყნებს, სადაც სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება მდგრადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოცილური რეფორმები. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcc.gov
|