|
პრესრელიზი: კახეთში ორი ახალი საწარმო გაიხსნა
08.06.2010
8 ივნისს, კახეთის რეგიონში, ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი საწარმო გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობის, ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. 12:00 სთ-ზე, ნაფარეულში გაიხსნა ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა შპს "კოპალა". შპს "კოპალამ" ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 150,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ თანხით და ადგილობრივი ფერმერის თანადაფინანსებით, 151,000 აშშ დოლარი, მოხდა საწარმოს განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. შეიქმნა 40-მდე ახალი სამუშაო ადგილი. საწარმოში ხდება ვარდის ზეთის წარმოება და დაფასოება. საბოლოო პროდუქტი კი ექსპორტზე გერმანიაში გადის. ვარდის ზეთი ეთერზეთების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სახეობაა. ის ინტენისურად გამოიყენება პარფიუმერიასა და ფარმაცევტიკაში. საუცხოო თვისებებისა და იშვიათობის გამო, ამ პროდუქტის ფასი მუდმივად მაღალია და ნაკლებად ექვემდეაბარება ზოგადეკონომიკური ტენდენციების ზეგავლენას. 14:00 სთ-ზე, იყალთოში გაიხსნა რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო, რომელმაც ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 50,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ თანხით და ადგილობრივი მეწარმის თანადაფინანსებით, 62,000 აშშ დოლარი, მოხდა საწარმოს განახლება და მისი აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით. საწარმოში მოხდება ორი ტიპის ყველის (სულგუნი და ქართული ყველი) წარმოება, დაფასოება და დისტრიბუცია. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა 10 ახალი სამუშაო ადგილი, 55-მა ადგილბორივმა ფერმერმა კი ჰპოვა არაპირდაპირი სარგებელი საკუთარი პროდუქციის ჩაბარებით. აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეისათვის დამტკიცებულია 286 პროექტი პირველადი წარმოების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 16.2 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, 3600-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა საქართველოს რეგიონებში.
ათასწლეულის ფონდის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დააარსა. 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას მოხმარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcg.ge ათასწლეულის კორპორაციის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია. მისი მთავარი პრინციპია, დახმარება აღმოუჩუნოს იმ ქვეყნებს, სადაც სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება მდგრადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოცილური რეფორმები. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcc.gov
|