|
პრესრელიზი: ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
15.04.2010
15 აპრილს, ზუგდიდში, ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული თხილის გადამამუშავებელი საწარმო "ვესტნათი" გაიხნსა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობისა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები, აგრეთვე ადგილობრივი მეწარმეები და სხვა ოფიციალური პირები. თხილის გადამამუშავებელი საწარმო "ვესტნათი" 2006 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თხილის გადამუშავება (გაშრობა, ნაჭუჭის გაცლა, სორტირება და გაყიდვა). საწარმომ ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 125 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ გრანტითა და ადგილობრივი მეწარმის თანადაფინანსებით, 170 000 აშშ დოლარი, მოხდა წარმოების მოძველებული ტექნოლოგიების განახლება, ახალი გადამამუშავებელი ხაზის შესყიდვა და სრულიად ახალი საწარმოს აშენება, რომელსაც შესწევს ძალა გადაამუშაოს დღეში 6-7 ტონა ნედლი თხილი. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა დაახლოებით 20 ახალი სამუშაო ადგილი. ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეისათვის დამტკიცებულია 286 პროექტი: პირველადი წარმოების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 16.2 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, 3600-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა საქართველოს რეგიონებში.
ათასწლეულის ფონდის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დააარსა. 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას მოხმარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcg.ge ათასწლეულის კორპორაციის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია. მისი მთავარი პრინციპია, დახმარება აღმოუჩუნოს იმ ქვეყნებს, სადაც სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება მდგრადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოცილური რეფორმები. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcc.gov
|